საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და არჩევნებში გამარჯვება პირადად მიულოცა. ამის შესახებ დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო დაგეგმილ ინაუგურაციას და იმ განცხადებებს, რომელიც პოლიტიკოსმა გააკეთა.
“განვიხილეთ გზავნილები, რომლის შესახებაც მან ისაუბრა. კერძოდ, ეროვნული შერიგება, რაც იმ მესიჯებს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება ინაუგურაციას, მე მას დავესწრები”, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს “დემოკრატიის პირველ წესს” ახსენებს. ზურაბიშვილის შეფასებით, დემოკრატიია, როდესაც წაგებას ეგუები და არჩევნებში დამარცხებას აღიარებ. არჩეული პრეზიდენტის ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის გიორგი ლომიას შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
შეგახსენებთ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა 28 ნოემბერს, მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დაამარცხა. გრიგოლ ვაშაძე შედეგებს არ აღიარებს და თანამოაზრეებთან ერთად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. სწორედ ინაუგურაციის დღეს გეგმავს დამარცხებული მხარე საპროტესტო აქციის გამართვას.