ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მინისტრის სახლის გაქურდვის ახალი დეტალები

ეკონომიკის მინისტრის ფეშენებელური სახლი გაქურდეს. დამნაშავეებმა წყნეთში უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილ სახლში, უკანა კარიდან შეაღწიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გიორგი ქობულიას კერძო საკუთრებიდან ძვირფასი ნივთებია წაღებული. რა მოიპარეს ზუსტად, არავინ იცის.დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, ახლადგარემონტებული ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს.

იმ ღამეს თავდასხმების ობიექტი ერთდროულად რამდენიმე ოჯახი გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავეებმა ისე იმუშავეს, რომ პოლიცია მათ კვალზე ამ დრომდე ვერ გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ჯიხური დგას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მინისტრის სახლი არ გაუქურდავთ, მას შემდეგ კი, რაც ფაქტი ადგილობრივებმა დაადასტურეს, ადგილზე საპატრულო პოლიციაც მუშაობდა, სამინისტრომ ვერსია შეცვალა. უწყებაში განმარტეს, რომ ოფიციალური გამოძახება არ შესულა.

სამართალდამცველები წყნეთში, გოგებაშვილის 20 ნომერში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდნენ. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრის გაქურდულ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს, გიორგი ქობულიამ დამლაგებელი გამოიძახა.

ეკონომიკის მინისტრმა დღეს არ უარყო, რომ მისი სახლი გაქურდეს, თუმცა კრიმინალების თავდასხმა, გიორგი ქობულიას შეფასებით, პირადი საკითხია და ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შემდეგ გიორგი ქობულია „ქართული ოცნების“ მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც კრიმინოგენული ვითარების მსხვერპლი გახდა.

გიორგი ქობულია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მინისტრია. 275 კვადრატული მეტრი სახლი წყნეთში, რომელიც დამნაშავეების სამიზნე გახდა, 1000 კვადრტულ მეტრ მიწაზეა აშენებული. ამის გარდა, გიორგი ქობულიას საკუთრებაა სახლი ბეთანიაში და 370 კვადრატული საცხოვრებელი ბინები ფალიაშვილის ქუჩაზე.თბილისთან ერთად ქობულია ფლობს უძრავ ქონებას მოსკოვში და ავტომობილ “პორშე პანამერას”, რომელშიც, 400 ათასი ლარი გადაიხადა.