2015 წელს ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე მკვლელობის დღეს და სასამართლო პროცესებს იხსენებს, ასევე საუბრობს ციხეში ცხოვრებაზე. მასთან ინტერვიუ “იმედის კვირამ” ჩაწერა. როგორც ის ამბობს სასამართლოზე ერთადერთი ტყუილი თქვა, მეორე შვილს, რომელიც ციხეში მოეშალა, არა მეუღლის – ომარ ქაფიაშვილისგან, არამედ ოთო ბერძენიშვილისგან ელოდებოდა.
“ერთადერთი ტყუილი რაც მე სასამართლოზე ვთქვი და მაიძულეს და ისევ ოთოს გამო ვთქვი, რომ სტრატეგიული ეჭვები ამ ბიჭის მიმართ არ ყოფილიყო, ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი და მადლობა ამ შანსისთვის, ვთქვი, რომ ეს ოთოს შვილი არ იყო. ეს იყო ოთოს შვილი, ოთომ იცოდა, რომ მისგან ვიყავი ორსულად მაგ დღეს ვუთხარი ზუსტად. ეს ბავშვი მე ციხეში მომეშალა და აღარაა. ეს ბავშვი არავის უდარდია, იმიტომ რომ არ დარბოდა, მაგრამ 10 დღეში გულის ცემა უნდა მოგვესმინა. ეს იყო ჩანასახი, რომელიც იყო ცოცხალი. ღალატისთვის თავს ვერავინ გაიმართლებს, ვერც ქალი და ვერც კაცი,”- აცხადებს პაპიძე.
საზარელი მკვლელობა თბილისში 2015 წლის 19 დეკემბერს მოხდა.რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, პროკურორებმა დაამტკიცეს სასამართლოში, რომ მაგდა პაპიძემ თავის ბინაში, მძინარე ქმარს რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ურო. მიღებული ჭრილობების შედეგად ომარ ქაფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ კი პაპიძემ დაახრჩო თავისი 5 წლის შვილი. ცხედრების თავიდან მოცილების მიზნით, პაპიძემ ისინი ქუჩაში გამოიტანა და ცდილობდა ოჯახის მანქანაში ჩაედო. იგი ვერ მოერია ცხედრებს და ქუჩაში დატოვა.
მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მან გასული წლის სექტემბერს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა ის არ დაკმაყოფილებულა.