ერთი დღე დაანონსებულ საშობაო შეწყალებამდე. რას გადაწყვეტს პრეზიდენტი

დაანონსებულ საშობაო შეწყალებამდე ერთი დღით ადრე კვლავ უცნობია, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძეს.  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობა ერთ-ერთი და არა ერთადერთი გარემოებაა და მას გაითვალისწინებს ისე, როგორც ითვალისწინებს სხვა შუამდგომლობებს.

ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი პრეზიდენტისგან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება. მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საპატრიარქომ მოიხსნა.

მიხელ რამიშვილის განმარტებით, საზოგადოებაში კითხვები არსებობს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ერიდება როგორც საპატრიარქო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

“გარკვეულ პირებს როგორც საპატრიარქოში, ისე საერო პირებს, ნამდვილად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა, იმიტომ რომ მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან ძალიან ბევრი კითხვები იქნება დასმული და ამას თავს არიდებენ. ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი ფინიში.“– ამბობს ის.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ დუმილს ინარჩუნებს და არ აკონკრეტებს საშობაო შეწყალების დეტალებს, ასევე  მისი გამოცხადების ზუსტ დროს.