ერთი წელი პანკისის სპეცოპერაციიდან:”ბოლო იმედიც ამომეწურა”

{{ARTICLEIMAGE}}თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან ერთად დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რადგან ფიქრობენ, რომ მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია. განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სუს-მა და მისმა თანამშრომლებმა ამოიღეს და ამიტომ აქვთ ეჭვი, რომ მტკიცებულებების ნაწილის ფაბრიკაცია, ან საერთოდ განადგურება მოხდა.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ უკვე 5 თვეა, ელოდებიან კომპლექსური ექსპერტიზის პასუხს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში, ადგილზე ამოღებული ნივთები კი მათი თქმით, აჩვენებს, რომ ამ დროს თემირლანი იწვა, სავარაუდოდ, ყურსასმენი ეკეთა და ეძინა.

კომპლექსური ექსპერტიზის პასუხი რამდენიმეთვიანი მოთხოვნის შემდეგ ოჯახმა დღეს მიიღო. მისი შინაარსი ხვალ გასაჯაროვდება, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დოკუმკენტს უკვე გაეცნენ ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი და ადვოკატი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს დასკვნა განსხვავდება მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნისგან და სამხარაულის ბიურომ სიმართლის თქმა ვერ გაბედა.

მაჩალიკაშვილების ოჯახს საქმის მასალებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვს. სწორედ ამის თაობაზე მიმართა დღეს პროკურატურას სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა და არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, ან შედეგების შესახებ, არც ოჯახს და არც მოთხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენს არ აქვს.

“ამ ხელისუფლებისგან არ ყოფილა, არც გამოძიება მიმდინარეობდა. ესენი უბრალოდ ხალხს ატყუებდნენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ესენი არ იტყვიან რომ ჩვენ შეცდომა მოგვივიდა, ან სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა,”ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან ერთი წლისთავზე.

“გავიდა ერთი წელი ოპერაციის ჩატარების დღიდან კი არა, თემირლანის დახვრეტის დღიდან. იმ დღეს თემირლანის ცხედარი იქნა გატაცებული ჩემი ოჯახიდან, რომ მისი თავიდან კვალი წაეშალათ. ერთი წელია, ველოდები ამ არშემდგარი ხელისუფლებისგან, ბოროტით სავსე შექუჩებული ხროვისგან, თუნდაც პატარა რამით მიანც ეღიარებინათ ის შეცდომა, რაც სახელმწიფომ, ამ ხელისუფლებამ დაუშვა, მაგრამ ამაოდ”, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე გამართულ მდუმარე აქციაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მათთან ერთად შეკრებილმა ადამიანებმა, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძემ; ჟურნალისტმა ელისო კილაძემ კიდევ ერთხელ მოითხოვეს პასუხი ხელისუფლებისგან – ვინ და რატომ ესროლა 19 წლის თემირლანს და რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები.თემირლან მაჩალიკაშვილის ითხოვს, რომ დამნაშავეების დასჯასთან ერთად, მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს.

“ვიდრე ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება და ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ. ვფიცავ დღევანდელ დღეს, ჩემი შვილის სულს ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ”, განაცხადა მედეა მარგოშვილმა. მანვე განაცხადა, რომ “მისი შვილის მკვლელობიდან ერთი წლისთავზე სიმართლის დადგენის ბოლო იმედი ამოეწურა”.

როგორც ცნობილია, გამოძიების მიმართ ეჭვები და კითხვები არ აქვს ხელისუფლებას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გამოძიებს შედეგებს უნდა დაელოდონ და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაც, გამოძიების დასრულებამდე მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეთანხმებიან საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას, რადგან არცერთ კითხვაზე – რა იყო პანკისის სპეცოპერაციის მიზანი, რას ედავებოდნენ თემირლანს და ჰქონდა თუ არა მას აკრძალული ნივთი – პასუხი არ არსებობს.