ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. წელს აბიტურიენტების მხრიდან სააპელაციო კომისიაში 3000-მდე განაცხადი შევიდა და ნაშრომების ხელახალი გასწორების შედეგად, შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვისა და გრანტის განაწილებისთვის, რომლის შედეგებიც აგვისტოს ბოლოსთვის გახდება ცნობილი. აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge შეუძლიათ.
როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახვა აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შეუძლიათ.
როგორც გორგოძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
„თუ სკალირებული ქულების ყველა უჯრა შევსებულია, ყველაფერი რიგზეა და აბიტურიენტი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. პირველ რიგში აბიტურიენტებმა უნდა შეხედონ გათანაბრებულ და გამსვლელ ქულებს, როგორია მათი მდგომარეობა კონკურსში ამ ეტაპზე”,- განაცხადა გორგოძემ.