ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 1100-ზე მეტმა სტუდენტი დარეგისტრირდა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შეავსო.
„მინდა ვთხოვო აბიტურიენტებს, რომ 3 აპრილის 18:00 საათამდე ნუ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს, რადგან ამ დროიდან მათ აღარ შეეძლებათ დარეგისტრირება. თუ ვერ გაივლიან ამ დრომდე რეგისტრაციას, ისინი შემდეგ ეტაპებზე ვეღარ გადავლენ. შემდეგი ეტაპი არის 7 მაისის 18:00 საათი, 7 მაისისთვის აბიტურიენტებს შეუძლიათ დაამატონ საგნები, რომლის ჩაბარებაც უნდათ. 3 აპრილამდე აბიტურიენტებს 1 საგანი მაინც უნდა ჰქონდეთ არჩეული, რომ გაიარონ რეგისტრაცია და 7 მაისამდე დანარჩენი საგნებიც შეუძლიათ აირჩიონ ან შეცვალონ საგანი. მესამე ეტაპი აგვისტოშია, მაშინ, როცა უკვე გამოქვეყნებულია შედეგები და აპელაციების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მათ შეუძლიათ პროგრამებში ცვლილებების შეტანა”,- განაცხადა გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი და სასურველი უნივერსიტეტის პროგრამები უნდა აირჩიოს, მიუთითოს ქალაქი – რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება.
3 აპრილის შემდეგ რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც აბიტურიენტები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება კვლავ შეეძლებათ.
რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობარშია შესაძლებელი. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი.














