“ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის”- წილოსანი დიღმელაშვილს უჩივის

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი “სირცხვილიას” ორგანიზატორს შოთა დიღმელაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩივილს აპირებს. ამის შესახებ წილოსანმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

“გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის.

ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა.

ინფორმაციისთვის:
შოთა დიღმელაშვილმა გადაცემაში #სირცხვილია გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე, ნინო წილოსანი “ვკრიშავ” (როგორი სოლიდურ/ჟურნალისტურ/პროფესიონალური ტერმინია) კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ააშენა უსახლკაროთათვის სახლები”-წერს წილოსანი.