“არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა”-სალომე ზურაბიშვილი “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში” აცხადებს, რომ დავით გარეჯის ირგვლივ არაფერი უჩვეულო და მტკივნეული არ ხდება. ზურაბიშვილისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის ჩაკეტვა ცოტა ხნით ადრე დავით გარეჯში პრეზიდენტის ვიზიტს დაუკავშირა.
“ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. სხვათა შორის, მე ადრეც ვიყავი ნამყოფი. ძალიან მიკვირს მე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება, ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველა ჩვენი პრეტენზიებიდან გამომდინარე — გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის, მაგრამ მე გარკვეული ვარ იმ მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ მე ადრეც ვმონაწილეობდი — რომლებიც თვლიან, რომ ეს არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ აგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი სწრაფად უნდა განხორციელდეს წინასწარი დათმობების გარეშე.
“მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით.”-განაცხადა პრეზიდენტმა.