ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სადღესასწაულო მსახურებაზე ქადაგებისას თვითმკვლელობის შესახებ ისაუბრა. მეუფემ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.
მისი შეფასებით, თავის მოკვლა გამოსავალი არასოდეს არ არის და ეს მხოლოდ სისუსტის მანიშნებელია.
„მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, თუ მოვინდომებთ, ამ დიდი სიძნელეების დაძლევას. თუმცა, დღეს მთელი ქვეყანა საუბრობს კონკრეტული შემთხვევის შესახებ, ყმაწვილმა, მოზარდმა, რომ თავი გაწირა. რა იყო ეს? რა საქციელია ეს? ადამიანები სხვადასხვანაირად განმარტავენ ასეთ შემთხვევას. ვიღაცა ამაში გამოსავალს ხედავს, ვიღაცისთვის გმირობაა, ვიღაცისთვის სასოწარკვეთილების შედეგია, მაგრამ თავის მოკვლა, ასაკოვანი ადამიანი იქნება თუ მოზარდი, გამოსავალი არასდროს არის. ეს არის ძალიან დიდი სისუსტის ნიშანი. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან. ძნელია იმის თქმა ვინ არის აქ დამნაშავე, დიახ, შეიძლება ადამიანები ეძებენ, გვარებს, სახელებს, კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ აქ ბევრია მიზეზი, კომპლექსურია ეს მიზეზი, მათ შორის სოციალური უთანასწორობა, რომელიც ამ წუთისოფელში არსებობს, როცა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი ის, რაც მას სურს, როცა ადამიანებს არა აქვთ საშუალება მიიღონ ის, რაც მათთვის აუცილებელია, ის მინინუმიც კი. არ მინდა ამ თემაზე გამიგრძელდეს საუბარი, მაგრამ ეს არის ის მწვავე პრობლემა, რომელიც აწუხებს თითოეულ თქვენგანს, მე მოვდივარ ტაძარში და ნუგეშს ისევ უფალთან ვეძებ და რა თქმა უნდა, განსაცდელი ერთგვარად ღმერთთან მიმყვანებელია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა, არამედ ცოტა უფრო მეტად უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, საკუთრ სინდისში და ვკითხოთ, ვინა ვარ მე, რას წარმოვადგენ და რა შემიძლია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, მაგრამ, ამ უკეთესობის შექმნაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ვიდრე ადამიანი თავის თვში იქნება ჩაკეტილი, თავის პრობლემებში იქნება ჩაკეტილი, რა თქმა უნდა ის ვერ შეცვლის ვერც თავის ცხოვრებას და ვერც სხვების ცხოვრებას. ჩვენ გვჭირდება სულიერი ერთობა, თანადგომა, გაზიარება ერთმანეთის ტკივილისა და მხარდაჭერა. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, -განაცხადა მეუფე გრიგოლმა.