ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია–პრემიერის კომენტარი თიბისის საქმისა და ანაკლიის პორტის კავშირზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სპეკულაციას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია. მისი თქმით ხდება აქცენტების არასწორი დასმა და არის მცდელობა, რომ თიბისის საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ანაკლიის პორტის პროექტსაც დაუკავშირონ.
პრემიერის აზრით, TBC ბანკის საქმეზე სამართლებრივი დავა არსებობს, მისი პოლიტიზირება და მით უმეტეს ანაკლიის პორტის პროექტთან ამ საქმის დაკავშირება თემების აღრევაა.მამუკა ბახტაძისთვის გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება იყოს, TBC ბანკის საქმეზე სადაო ერთ კონკრეტულ ტრანზაქციასა და ანაკლიის პროექტს შორის.
„ის საქმე, რა საქმეზეც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის კონკრეტული საკითხი, იქ არის ძალიან ბევრი პროფესიული ნიუანსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის საბანკო საქმიანობას. იმ პრინციპებს, როგორითაც უნდა ხდებოდეს კორპორატიული მართვა და ა.შ. და მას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან და იმ პერსპექტივასთან, რაც ამ პროექტს უკავშირდება.
ხდება სრულიად არასწორი აქცენტების დასმა. უფრო მეტიც, ჩვენ ვიხილეთ რომ აქვთ მცდელობა ანაკლიის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს. რაც შეეხება ანაკლიას, მინდა გულწრფელად და გარკვეული ემოციებით გითხრათ, რომ ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებას, ჩემთვის მართლაც ძალიან რთულია ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი, ვინაიდან არ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობებზე თუ საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში. ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენნი ქვეყნისთვის და ის გახლავთ ჩემი ხედვის და სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტის ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე ვეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ევროკავშირმა ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში შეიყვანა.

აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა, როგორ შეიძლება, ვინმეს ამის მერე ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია, ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი მე ბოლო პერიოდში მომისმენია, ამავე დროს სრულიად უპასუხისმგებლო. თუ ვინმეს აქვს გათვითცნობიერებული რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავე დროს, ის არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის ამის უფლებას თავის თავს ნამდვილად არ მისცემს. შესაბამისად, მრჩება მხოლოდ ერთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით – ეს არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საკითხიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პროფესიული მსჯელობის საგანი, აქცენტის გადატანა ქვეყნისთვის ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტზე ხდება“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.