“მე უკვე მგონია, რომ ეს არის „ლეიბორისტული პარტიის“ მოთხოვნები” – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციებს. კალაძის განცხადებით, რეგულაციების მიღებამდე მერიამ შეისწავლა ტაქსის მძღოლების პრობლემები და მაქსიმალურად შეეცადა, რომ რეფორმა ტაქსის მძღოლებისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო.
„ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ მათი, სოციალური პრობლემები, ყველაფერი. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის. მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ. ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, რეფორმა არ განხორციელდეს. და ასე არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ გვინდა რომ მოვაწესრიგოთ ზოგადად ეს მიმართულება,“-განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს, თბილისს მერსა და ტაქსის მძღოლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. ისინი კახა კალაძისგან რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანსაპროტესტო აქციებს გამართავენ. მძღოლებს ასევე კითხვები აქვთ, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აქციამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე ადამიანი დააკავეს და მალევე გამოუშვეს. შემთხვევას ტაქსისტები ზეწოლად აფასებენ.