“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, სასამართლოში იმყოფება. ამჯერად ნიკა გვარამია, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად დაიბარეს.
გამოძიება პროკურატურამ, 3 მუხლით დაიწყო, საგამოძიებო უწყება “რუსთავი2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, კომპანიის საზიანო ქმედებას ედავება, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისება- გაფლანგვას.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკანონო პროცესი. მისი თქმით მან იცის რომ უდანაშაულოა და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ის სამართლებრივ ასპექტებს არ ეყრდნობა.
„როდესაც თხზავენ დანაშაულს, იქ ხომ ზღვარი არ არსებობს. როგორ უნდა ვიმკითხაო უკანონობა სადამდე მივა. ამისი წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მე ვიცი, რომ არაფერი არ ჩამიდენია. შეუძლებელია ჩემთვის რამის ინკრიმინირება. და კანონს რომ მიჰყვებოდეს პროკურატურა და სასამართლო, მე შემიძლია წინასწარმეტყველება მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ესე არ არის. უკანონობის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით, ეს შეიძლება დამთავრდეს სხვა რამე გზით. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მე ვთქვი ის მაინც გაკეთდება. არ მადარდებს საერთოდ,”-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გამოძიება მის მიერ დაანონსებულ ტელევიზიის შექმნას უკავშირდება.
„აბა რა არის მიზანი? შეთხზული ბრალი. წარმოუდგენელი რამე ხდება. თან ვინ მედავება, ქურდის ქურდი. წარმოუდგენელი რამე ხდება. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ვითარებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე სადამდე წავა უკანონობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის ნებისმიერი განვითარება არის აბსოლუტურად გასაგები. მზად ვარ ნებისმიერი განვითარებისთვის და ის ადამიანები რომლებიც მუშაობენ ჩემთან ერთად და გუნდი უკვე არსებობს და ყველას თავისი დავალება აქვს, მაინც მიიყვანენ საქმეს ბოლომდე. მთავარი უკვე გაკეთებულია. ძირითადი გუნდი არსებობს და მათ იციან რა უნდა ქნან. ახლა მე სად ვიქნები ამ დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“-განაცხადა გვარამიამ.