“ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები.”- საგანგებო ბრიფინგი ოპოზიციაში

ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა. რამდენიმე საათის წინ  საარჩევნო უბანთან სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელ ზოია ქვარცხავას დასაშინებლად იმ დროს გაისროლეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. გაერთიანებული ოპოზიციისთვის იმ პირის ვინაობა უკვე ცნობილია, რომელმაც სროლა განახორციელა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ამ მანქანის მეპატრონე – ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას ასევე აქვს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უნდა დაისაჯონ ასევე ის ადამიანები, ვინც გასცეს უკანონო ბრძანება. გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და მათ განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო, რომ დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, რომლიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ფოტომასალა ამსახველი ამ ნომრის და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით, სიების გატაცების, რომელიც ჩვენ შემდგომ დავაბრუნებინეთ,“ – განაცხადა ბოკუჩავამ. ენმ-ს წევრის განცხადებით, სწორედ იგივე ავტომანქანა ფიგურირებს საოლქო კომისიიდან სიების გატანის საქმეშიც. სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო კომისიის წევრები, როცა მათ სიები უკან დააბრუნეს. თინა ბოკუჩავა სამართალდამცავებს დროული რეაგირებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. „ჩვენ მოვითხოვთ პოლიციისგან, მოხდეს დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფაქტის გამოძიება, არა მხოლოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს გასროლა, არამედ ასევე დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების და ამომრჩევლების დაშინებას ცდილობს.

„ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები. ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის “ქართული ოცნების” ზონდერი, რომელიც ერთი მხრივ, ცდილობს მოიპაროს სიები, რის საშუალებაც ჩვენ მას არ მივეცით და მეორე მხრივ იარაღით და გასროლით დააშინოს ოპოზიციის ყველაზე აქტიური წარმომადგენლები, მათ შორის, კომისიის წევრები. ეს მათ არ გაუვათ,“ – ამბობს ბოკუჩავა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მცდელობების მიუხედავად, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს და ვერ შეძლებენ მოსახლეობის დაშინებას.

„ვერც ასეთი ტიპის დაშინებებით, ასეთი კრიმინალით, ვერც სიების გატაცების მცდელობით, ვერც ბეჭდების გატაცებით, რომლებიც ახალი გამოვაგზავნინეთ ცესკოს, როგორც სიები დავაბრუნებინეთ, ასევე, ვერ შეძლებენ, რომ დააშინონ ჩვენი წარმომადგენლები,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.