პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე კემულარია მისი გუნდის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურებად და ამ ფაქტს პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს. განცხადება კემულარიამ პარტიის ოფისში ბრიფინგზე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად გააკეთა.
„ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, რომ თურმე არსებობს ნათელი მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, არის გამოგონილი და მას არანაირი კავშირი სამართალთან და მტკიცებულებებთან არ აქვს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული ძალით დარბევა გადაფაროს ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით. მიტინგიდან ერთი თვის განმავლობაში მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია “რუსთავი 2”-ის აქციების ასი პროცენტი, ეკუთვნის სწორედ მას და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით,“- განაცხადა კემულარიამ.