ეს არის საკუთარი საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემა-დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ განაცხადა, რომლებიც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს არსებულ პრობლემებს ვერ ხედავენ.
“ყველა იმ კანდიდატის მიმართ, ვინც 10-კაციან სიაში იყო და ასეთი 5 კანდიდატია, რომელიც ისევ შემოვიდა პარლამენტში, არსებობს გაცილებით უფრო კრიტიკული კითხვები. ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ 10-კაციანი სიის ყოველგვარი პროცედურების, ეთიკური, დაწერილი თუ დაუწერელი სტანდარტების დაუცველობამ. ამ ნაწილში მისდამი კრიტიკული კითხვები იქნება ისევე, როგორც წინა ხელისუფლების პერიოდისადმი, როცა სასამართლო ხელისუფლება სრულიად პოლიტიზირებული იყო. თუ მოსამართლეს არ აქვს კრიტიკული პოზიცია, როგორც ეს თამარ ალანიას შემთხვევაში იყო, თუ მოსამართლე ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რაც სააკაშვილის პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში იყო, თუ ვერ აცნობიერებს, რომ ამის გამო უამრავი ადამიანი დაზარალდა, თუ არც ბოდიშს იხდის და არც სინანულის განცდა არ აქვს, ასეთი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში განმწესება, ეს არის საკუთარი საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემა. კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლოს იმ წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც საუბრობენ, რომ სასამართლო იმ პერიოდშიც კარგი იყო, დღესაც კარგია”, – განაცხადა ბესელიამ.