ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანებმა ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დავალების შესრულება დაიწყეს და გუშინ საღამოს სოფელ წნელისში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დროშა აღმართეს. რუსული მედიის ცნობით სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო ოპერაცია სოფელ წნელისთან “ჰუმანიტარული ოპერაციის“ განხორციელებისთვის. ოსური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ქმედებებს მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი ექნება და საზღვარზე ოსი მესაზღვრეები განლაგდებიან.
სიტუაცია საოკუპაციო საზღვართან ორი დღის წინ დაიძაბა. ოსურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და პოლიციის ბლოკპოსტის აღება მოსთხოვა. თუმცა ქართულმა მხარემ ეს მოთხოვნა არ შეასრულა.
30 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ბლოკპოსტი ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება. ოსურმა მხარემ კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სოფელ წნელისის პერიმეტრს სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები გააკონტროლებენ.