“ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის,” – ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის დასკვნა შეაფასა.
დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება დღეს „ნაციონალური მოძრაობის” გზას მიყვება, რომელიც არავის აზრს არ ითვალისწინებდა.
„ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო მკვეთრი გაკრიტიკება იმ პროექტის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვაკრიტიკებთ სამართლიანად, წარმოუდგენელია. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოებაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ რეკომენდაცია გასცა ამ პარლამენტმა ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ეს ნიშნავს, რომ არამარტო საბჭოს, არამედ არც პარლამენტს აქვს ნდობა.
როდესაც არ იზიარებ სასარგებლო რჩევების მომცემთა პოზიციას, არ გესმის ევროპული სტრუქტურების, ასე იქცეოდა ერთი პერიოდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომ არავისი არ ესმოდა და საბოლოოდ დარჩა მარტო და გახდა ქართველი ხალხის აგრესიის და მიუღებლობის მსხვერპლი”, – განაცხადა ბესელიამ.