“9 აპრილი არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის, მეორე მხრივ, ეს დღე გვაერთიანებს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო,” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილი მემორიალთან განაცხადა.
„30 წლის წინ, მშვიდობიანი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია იყო დარბეული საბჭოთა სამხედროების მიერ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოვიდეთ, გავიხსენოთ ეს დღეები და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს. მათი სახელები არასდროს უნდა იყოს დავიწყებული ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, დღემდე ზუსტი რაოდენობა ამ დარბევის მსხვერპლის, დაზარალებულების, მოწამლული ადამიანების არ არის და დღემდე, ეს ადამიანები განიცდიან ამ სასტიკი დარბევით გამოწვეულ ზიანის ძალიან ცუდ შედეგებს. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა და ყოველთვის შეგვახსენებს, რამხელა მსხვერპლი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობის მოპოვება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.