“ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა”- რომან გოცირიძე ხაბეიშვილის ცემაზე

„ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, მიმართული ოპოზიციის წინააღმდეგ“,- ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ეხმაურება.

მისი თქმით, თითოეულმა მათგანმა უნდა დატოვოს საკრებულო, ვინც ხაბეიშვილს თავს დაესხა.

„არ შერჩება არავის ეს ძალადობა. ყველა დაისჯება კანონის ძალით. „ქართული ოცნების“ მმართველობა არის დასამთავრებელი და ხალხი გამოუტანს განაჩენს ამ კრიმინალურ, მოძალადე რეჟიმს. თქვენ პარლამენტეში მოისმინეთ სახალხო დამცველის მოხსენება ციხეში კრიმინალური სამყაროს დაბრუნებასთან დაკავშირებით. კრიმინალი მაშინ ბრუნდება ციხეში, როდესაც ის არსებობს აქ. როდესაც ქურდებს ხელისუფლება იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, იგი გადაინაცვლეს ყველგან.

დაუყონებლივ უნდა დატოვოს ყველამ თავისი ადგილი. მათი ადგილი არ არის საკრებულოში. უნდა დაიწყოს გამოძიება და დააკავონ ეს ხალხი. ამაში დამნაშავეა მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. დაუსჯელობის სინდრომი იწვევს იმას, რაც დღეს აქ მოხდა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის საკრებულოში. სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.