გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტს რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი.
ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის შეფასებები ისედაც ცნობილია და ახალი განცხადებაც შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყოს.
„შემაშფოთა ინფორმაციამ, რომ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს, თურმე მაინც ფიქრობს განცხადების გაკეთებას. იმიტომ, რომ არ გააკეთოს სჯობია, იმიტომ, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით ისეთები აქვს ნათქვამი, ეს ქვეყნისთვის სახიფათოა“ , – ამბობს ბერძენიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის გარდა დავით ბერძენიშვილის კრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაიმსახურეს. ბერძენიშვილი მთავრობის მაღალჩინოსნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება შეცვალონ.
„რაც შეეხება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მათ ვერ გაიაზრეს ის, რომ რაც უფრო მაამებლური იქნებიან რუსეთის მიმართ, მით უფრო დიდი იქნება წნეხი რუსეთის მხრიდან. ყოველი მცდელობა, დაუმტკიცონ ვეზირობა, იქნება სუზერენის მხრიდან უფრო მკაცრად ნაპასუხები და დასჯილი, პატრონი ყმას სჯის, ეს ჯოჯოხეთი რა მდგომარეობაშიც ვართ, არ მორჩება, პირიქით, გაღრმავდება რუსეთთან მაამებლობით. ის მორჩება მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს მიზანმიმართული პოლიტიკით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ნატო-ში და ნატო უნდა იყოს საქართველოში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს ისევ განახლდა. მოსახლეობა ადგილზე პრეზიდენტის და პრემიერის ჩასვლას ითხოვს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს “კურიერმა” ჩაწერა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს. ზურაბიშვილი კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენებზე ამბობს – “იმიტომ, რომ განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული”-ამბობს პრეზიდენტი.