“რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შს მინისტრ გიორგი გახარიას მოსალოდნელ გაპრემიერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. გვარამია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნა საზოგადოებაში პროტესტის ხმის ჩასახშობად იქნება გამოყენებული.
“კაცი, რომელმაც თვალები დათხარა ბავშვებს;
კაცი, რომელმაც მხედრიონის შემდეგ, პირვლემა გამოიყენა ლეტალური ტყვიები სრულიად უვნებელი მიტინგის დარბევისას;
კაცი, რომელმაც დამიზნებით ესროლა ჟურნალისტებს და ოპერატორებს;
კაცი, რომელიც მისი მინისტრობის ყველა ობიექტური კრიტერიუმის მიხედვით, სულ ყველა სტატისტიკური შედეგით, იყო ყველაზე წარუმატებელი შსს მინისტრი;
და მთავარი და სამუდამო, კაცი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველმა მოახერხა შესულიყო ურბანულ პოეზიაში და ბოროტების სიმბოლო გახდა ბავშვების ლექსებშიც და ყველაზე cool ახალგაზრდა ტიპების სიმღერებშიც;
აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერმინისტრი და ამით უზურპატორი დემონსტრატიულად, ღიად და აფიშირებულად ჩაიდენს უმძიმესი ძალადობის აქტს ყველა ჩვენთაგანზე, მიჯირყვნის ჩვენს აღშფოთებას და ღრმად ჩაგვიტუმბავს შინაგანი პროტესტის ხმას;
აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერმინისტრი და ამით უზურპატორი დემონსტრატიულად, ღიად და აფიშირებულად დაგვამცირებს და გვეტყვის, რომ არაა ეს ჩვენი საქმე და საერთოდ არაფერი არაა ჩვენი საქმე ამ ქვეყანაში. და საერთოდაც, აღარასდროს აღარაფერს აღარ გადავწყვეტთ და არ იქნება ჩვენი საქმე;
აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი და ამით უზურპატორი გვეტყვის, რომ უნდა შევეჩვიოთ რუსული “ვიკროიკის” და აქცენტის პრემიერებს. მეტყველების აქცენტს ვინ დაეძებს, მართვაში რუსულ აქცენტებს შეგვაგუებენ და დასავლეთის მიერ ოთხჯერ დაბლოკილი რუსული გავლენის აგენტი მაინც დაჯდება ქვეყნის პირველი პირის სავარძელში. და ამგვარად უზურპატორი ღიად დაიკიდებს დასავლეთს;
აი, ეს კაცი, აუცილებლად გახდება პრემიერი და ამით უზურპატორი რუსთაველზე თვეების განმავლობაში მდგარ ახალგაზრდა, დასავლური განათლების პატრიოტებს და მათთან ერთად ჩვენს შვილებს ბოროტი ხარხარით ეტყვის, რომ მათი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის, აქ ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ და უნდა წავიდნენ. და რომ ეს არ არის წარმატებული ხალხის ქვეყანა და უნდა დარჩნენ მხოლოდ ლუზერები და პენსიონერები;
აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ან ძალა და თავმოყვარეობა გვეყოფა და უზურპატორისთვის ამ აქტს თვითმკვლელობად ვაქცევთ, ან გავიჟიმებით და უზურპატორი ამ აქტით ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და სახელმწიფოებრიობას გილიოტინაზე შეაგდებს.
აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ვნახოთ, ამ ყველაფრის მერე რა, როდის და როგორ მოხდება.
ვნახოთ, ერი ვართ თუ ბრბო”-წერს გვარამია.