ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ, მოუწოდებს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყონ და დროულად დაფარონ დავალიანება. მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა როდესაც ტელევიზიები აგროვებენ ვალებს და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი ჩამოწერა. მინისტრის თქმით, ამჯერად ასე არ მოხდება და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.
„მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. მოტივი ის არის, რომ არის სხვა ტელევიზიები გაცილებით პატარა და ისინი არ აგროვებენ ამ დავალიანებას და იხდიან და მე მგონი არ არის სამართლიანი. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვინც პატიოსნად იხდიან ამ გადასახადებს. ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა. როგორ ვხედავათ ამის მოგვარებას. ეს დავალიანებები არის დიდი და ამის ერთბაშად დაფარვა გაუჭირდება ტელევიზიებს და შეიძლება მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგეს. მინდა მივმართო ტელევიზიებს და მოვუწოდო, უახლოეს ვადაში ველოდებით, რომ მოვიდნენ თავიანთი შეთავაზებით როგორ ხედავენ თავიანთი ვალების რესტრუქტურიზაციას. პირველ რიგში რაც არის მთავარი ის არის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ და აღარ მოხდეს ვალის დაგროვება,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საკმაოდ მსხვილი დავალიანებები აქვს “რუსთავი 2-ს,” “ტელე იმედს” და “მაესტროს”, ხოლო ტვ პირველი და ტელეკომპანია “კავკასია” გადასახადს დროულად იხდიან.