“ეს მგალობელი კურდღელი 6 დღეა ემალება მართლმსაჯულებას საავადმყოფოში”-ეს განცხადება “საფარის” დამფუძნებელმა და ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის შესახებ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პატარაია მიიჩნევს, რომ უმრავლესობის დეპუტატს პროკურატურა ხელს აფარებს. მისი ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლო პროცესზე დღეს ჯიშკარიანისთვის არა პატიმრობას, არამედ გირაოს მოითხოვს.
“ილია ჯიშკარიანი ყველაფერთან ერთად ყოფილა ძალიან მშიშარა ადამიანი, უკვე 6 დღეა თავისი ძმაკაცის საავადმყოფოში წევს ისე რომ არაფერი არ სჭირს.საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, მას რაიმე სამედიცინო პროცედურა არ უტარდება. ჯიშკარიანი თავს მგალობელს უწოდებს და ეს მგალობელი კურდღელი 6 დღეა ემალება მართლმსაჯულებას საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ჩვენი მტავარი პრეტენზია მიემართება არა ილია ჯიშკარიანს არამედ პროკურატურას. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა არ აპირებს, აღკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვოს პატიმრობა, არამედ მოითხოვს გირაოს, ეს არის უპრეცედენტო რამე როცა პროკურატურა მძიმე დანაშაულში ბრალდებულისთვის ითხოვს მხოლოდ გირაოს და საშუალებას არ აძლევს მოსამართლეს, მოსამართლემ თვითონ გადაწყვიტოს თუ რა აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს ბრალდებელს”-აცხადებს პატარაია.