“ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო” – ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბაკურიანსა და გუდაურში უწყლობის პრობლემას.
“გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვების თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა და შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები და გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური. გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.
იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, საათების განმავლობაში, ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. თუმცა ამ დროისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემა, სამუშაო გვაქვს ერთობლივად. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ასეთ მუშაობას დავიწყებთ ღიად, გამჭვირვალედ თანამშრომლობას იმ სასტუმროებთან და იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოდგენილები არიან მთის კურორტებზე” – თქვა გახარიამ.
შეგახსენებთ 1 კვირაზე მეტია, ბაკურიანსა და გუდაურში მოსახლეობისა და სასტუმროების ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ამის გამო, თანამდებობა დატოვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა. მთის კურორტებიდან ტურისტები გარბიან. სასტუმროს მეპატრონეებით თქმით, მათ სერიოზული ზარალი მიადგათ.