“ეს ქუჩა სულ ჩაიშლება”- თბილისში მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა.ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ეკა ლომიძე ავრცელებს. მისი თქმით, გეოლოგების ექსპერტული დასკვნები რომელიც ამ მშენებლობისთვისაა გაცემული არაკომპეტენტურია და შესაძლოა მიმდინარე მშენებლობამ მთლიანი ტერიტორია ჩამოშალოს.

როგორც ცნობილია, ჯიქიას ქუჩაზე მშენებლობას და საძირკვლის გამოღების სამუშაოებს ერთმანეთის მომიჯნავედ ორი სამშენებლო კომპანია აწარმოებს.

“დილით სიურპირიზი დამხვდა. მშენებლობის დროს მიწა ჩამოიშალა ქუჩაზე, რომელსაც პირდაპირი გაგებით ხმარობენ ე.წ. დეველოპერ-მშენებლები, სინამდვილეში კი გაქსუებული ოროსნები. ფაქტი ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ #27 მისამართზე მოხდა, სადაც მშენებლობას, საძირკვლის გამოღების სამუშაოებს ერთმანეთის მომიჯნავედ ორი კომპანია ანკო და კომპაქტ + აწარმოებს. მიწა ანკოს ტერიტორიაზე ჩამოიშალა. ექსპერტის დასკვნა გვაქვს და ნებადართული გვქონდა აქ იმ დონის თხრა, როგორც გვჭირდებოდაო (რაც უფრო ღრმად გამოთხრიან და ამოთხრიან, მით მეტი სართულის ჩაკვეხების შანსი აქვთ) მაგრამ ექსპერტს გათვალისწინებული არ ჰქონდა მომიჯნავედ კომპაქტ + თუ მიიღებდა მშენებლობის ნებართვას და მისი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მძიმეწონიანი მანქანები თუ დააწვებოდნენ გზას, რომელიც ანკოს ტერიტორიის ზედა ნაწილში გადისო.

ასეთი ექსპერტული დასკვნების საფუძველზე წარმოებული მშენებლობის იმედი ვისაც გაქვთ, გამოდით, დამენახეთ, რა გული გაქვთ? ანკოელმა ახლა თურმე ახლა აღმოაჩინა, რომ მიწა ნაშალია და საყრდენი რომ გამოეცალა, ზევიდან დაწოლას ვერ გაუძლებდა და ჩამოიშლებოდა.
ეს ქუჩა სულ ჩაიშლება, ვერ გაუძლებს ქანები იმ აღვირახსნილობას, რომელიც აქ ხდება. მერამდენედ ვამბობ, მომისმენს ვინმე? ექსპერტ გეოლოგები და მჩხიბავები დასკვნებს კონკრეტული მშენებლობებისთვის გასცემენ, იმასაც კაბინეტებიდან, თორემ ერთიანობაში რა დაწოლა მიდის ამ ქანებზე არავინ ითვლის. ამის დასტურია, დღეს რაც მოხდა, ესეც. ხოდა, ჩემი საცხოვრებელი კორპუსის წინ და უკან უკან რაც ხდება, წესიერ ქვეყანაში ჯერ ერთი არ მოხდებოდა და თუ მოხდებოდა, ამის გამკეთებლებს პასუხს აგებინებდნენ, ჩვენთან ყველას ყველაფერი კიდია და მხოლოდ სეირობენ უკვე დატრიალებული კატასტროფებით. “-წერს ეკა ლომიძე სოციალურ ქსელში.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია დააჯარიმა და ამ დროისთვის ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ სამუშაოები შეჩერებულია.

“კომპანიას დაევალა გამაგრების პროექტის და დამატებით საექსპერტო დასკვნების წარმოდგენა”-აცხადებენ მერიაში.