ტელეკომპანია მაესტროზე ბიზნეს სიახლეების წამყვან ანა ცხოვრებავას გადაცემა დაუხურეს. მისი თქმით, ეს მისი მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი მუშაობის გამო მოხდა.
ჟურნალისტმა ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ხვალიდან გადაცემა ეთერში აღარ გავა.
“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ თქვენ გადასახადების გადამხდელებს და ჩვენს მაყურებლებს გქონოდათ მიუკერძოებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რაზე იხარჯება თქვენს მიერ გადახდილი გადასახადები, ასევე, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის რეგულაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც. ვფიქრობ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში აღარ შევხვდებით. არხის მენეჯმენტმა ოფიციალურ მიზეზად დაასახელა ის, რომ იცვლება მაესტროს ფორმატი, თუმცა ეს ჩვენთვის არ ჟღერს დამაჯერებლად იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღვოდა არაერთი მცდელობა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. ვფიქრობთ, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისათვის”, ამბობს ანა ცხოვრებავა.
გადაცემა ბიზნეს სიახლეები მაესტროზე 2017 წლის 13 ივნისიდან გადიოდა.