პანკისსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.
მაჩალიკაშვილს უწყება პარლამენტის წინ მიუტანეს, სადაც ის ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან – ზაზა სარალიძესთან ერთად, წელიწადზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავს. მაჩალიკაშვილმა უწყება ჩაიბარა თუმცა ხელი არ მოუწერია, ის აცხადებს რომ მისთვის უცნობია თუ რატომ იბარებენ დაკითხვაზე.
ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილს ვახტანგ გომელაურის უწყებაში იბარებენ. მასთან ერთად სუს-ში დაბარებულია მორის მაჩალიკაშვილიც. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებს, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “ბარდაგს” უწოდებს და აცხადებს, რომ უწყებაში მისი მტრები მუშაობენ.
„უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. ისევე, მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია. რას ვიძახი ორი წელია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია. მეხუთედ დამკითხეს 9-10 საათის განმავლობაში. ზუსტად მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები მოდულში იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.