“ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად”-მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოქმედებას ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტი გრძელდება. ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. თქვენ იცით რომ ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში, 6 თვე ჩვენ ამ შემოტევამ მოგვაყენა სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს ისე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. 6 თვე დაჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე ჩვენ ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე. 

გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი, ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი“, – განაცხადა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.