პოლიტიკური პარტია ,,ლელოს” წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, ეუთოს არცერთი კითხვა არ აქვს ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
უსუფაშვილის განმარტებით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული მოდელი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აკვიატებული აქვს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია, მათი განცხადებები კი სპეკულაციურია.
,,ეუთოს არცერთი კითხვა არ აქვს ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მას ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები აქვს. რაც შეეხება ამ თემაზე ხელისუფლების წარმოდგენებს, აკვიატებული საკითხი აქვთ იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება. გვეუბნებიან, აბა, სად წერს ეუთო რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება?! ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საბოლოო ჯამში, საქართველოს სასამართლო წყვეტს ნებისმიერ დავას ამ თემაზე, მაგრამ ეუთო არცერთ საკითხს არ სვამს ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო.
იქ, სადაც ეუთოს ასეთი კითხვა ებადებოდა მოლდოვის ერთ-ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ მორიდებია და ამ დოკუმენტში ჩაწერა – ჩვენ ამ საკითხს რომ ვიხილავთ, ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული ფორმულირება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში კითხვებს აჩენს და ამიტომ, კარგად დაფიქრდითო. ეს უთხრა იმავე ორგანომ მოლდოვას, რომელმაც ჩვენ ეს დასკვნა გამოგვიგზავნა და მსგავსი კითხვა არ დაუსვამს. ამიტომ, საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციური არის, თუ არა და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე როგორ ფიქრობს, არის სპეკულაციური“,- ამბობს ,,ლელოს” ლიდერი.
ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. ოპოზიცის თქმით, დოკუმენტით დასტურდება, რომ ე.წ. გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს. საპირისპიროს ამბობს მმართველი გუნდი. მათი თქმით, ოდირის პრეროგატივა კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა არ არის და დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია.