“ევექსი რამდენიმე დღე უარყოფდა (პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფორმაციას მალავდა), რომ მისი თანამშრომელი დაავადებულია”- ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” გნერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ნიკოლოზ და ამირან გამყრელიძეებს აკრიტიკებს.
“ესე იგი:1. ევექსი რამდენიმე დღე უარყოფდა (პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფორმაციას მალავდა), რომ მისი თანამშრომელი დაავადებულია, არა და აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ქონიათ და დაავადებულები არიან
2. ევექსში მომუშავე ადამიანი იტალიიდან გადავიდა ავსტრიაში, რომ არ დაფიქსირებულიყო საქართველოს საზღვარზე მისი იტალიიდან გადმოსვლა და საზღვრის გადმოკვეთისას სიცხის დამწევი დალია, რომ არ დაფიქსირებულიყო სიცხე და კარანტინში არ მოხვედრილიყო
3. ევექსში ყველამ (დირექტორმაც) იცოდა, რომ ეს თანამშრომელი იტალიაში იყო და დაზაფრულები ელოდნენ მის მოსვლას. ისიც მოვიდა და არავინ უთხრა, რომ მინიმუმ არ მოსულიყო და, მეტიც, კარანტინში ყოფილიყო. ამის მერე, ხსენებულმა თანამშრომელმა მოიარა უამრავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და შვილმა მამამდე, უფრო მნიშვნელოვანი კი – კლინიკის დირექტორმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორამდე ვერ მიიტანა (ან მიიტანა და მამამ/დირექტორმა დააიგნორა), რომ მოსიარულე ნაღმია ქვეყანაში
4. ქვეყანაში შიდა ინფიცირების (მოსახლიდან მოსახლეზე გადატანის) პირველი შემთხვევა ევექსის დირექტორია
ოთხივე პუნქტში ნახსენები ევექსის დირექტორი ნიკა გამყრელიძეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი.
და ქართული პუბლიკა ამტკიცებს, რომ ამ კაცის მამის ქცევა, რომელიც მთელ საქართველოს ასწავლის, რომ ზუსტად ასე არ უნდა მოიქცე არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მაღალი პასუხისმგებლობის ცივილიზებულ ქვეყანაში ჩაითვლებოდა ეთიკურ ქცევად და ოთხში არ ამოიღებდა სერიოზული მედია და მას კინწისკვრით არ გარეკვდნენ თანამდებობიდან? მართალია, არ გარეკავდნენ – ბოდიშს მოიხდიდა და თვითონ გადადგებოდა.
რა შუაშია მამის და შვილის პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება? სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ვინმე? ოჯახის წევრის ასეთი ქცევის პირობებში შენი ნდობა რომ დრამატულად ეცემა და რომ ნდობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური პანიკის დროს, ეს ხომ ცხადია? და ზუსტად სრულწლოვანი რომაა შენი შვილი, იმიტომაა ეს შენიშვნა რელევანტური, აბა არასრულწლოვანი შვილი ეპიდსაფრთხის შეჩერებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი.
ვინ პაციენტია, ვინ ვის გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვინ რაზე გაასხა, ბოდიში, ეს ლირიკა არაფერ შუაშია აქ. ან რომელი პარტია, რა ნაცობა და ქოცობა? როდის იყო ვინმეს აზრი მაღელვებდა ჩემს სტატუსებთან დაკავშირებით, თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის? მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. კონფორმისტები და კომფორტზონის მაძიებლები ნუ გამომეხმაურებით, მკიდია თქვენი გინებაც, კრიტიკაც და შეგონებებიც. აი კორონავირუსის გავრცელება და უღონო ამირან გამყრელიძე ნამდვილად არ მკიდია და არც საყვარელ და პატივსაცემ ჭაღარა ბიძად მივიჩნევ, და არც მის კრიტიკას – ტაბუდადებულად. მე მას თანამდებობისთვის შეუფერებლად, ხოლო მის მუშაობას – არაეფექტიანად მივიჩნევ.” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე :
“ვითომ ვირუსისგან იცავს ქვეყანას” – ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს აკრიტიკებს
ამირან გამყრელიძის ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა
“ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია“–ამირან გამყრელიძე მისი შვილის დაინფიცირების შესახებ