ევროკავშირის მონიტორინგის მისია ინფორმირებულია საოკოპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირის, მამა დავითის (დურგლიშვილი) დაკავების შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრეს-სპიკერმა, დეს დოილიმ newsreport.ge-ს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის მონიტორინგის მისია ფაქტზე ინფორმაციას აგროვებს.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, დაკავებული სასულიერო პირი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მედიაში 4 თებერვალს, საღამოს გავრცელდა ცნობები, რომ მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა კი გაქცევა შეძლეს.
ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში მოავლინეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.
მისიის პრიორიტეტებია: (ტექსტში მოცემულია მონიტორინგის მისიის მიერ გამოქვეყნებული შინაარსი)
• საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა;
•აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა;
• კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა;
• საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.
მას შემდეგ, რაც მისიამ საქმიანობა დაიწყო, იგი ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. ჩვენი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ გვაძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.