დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ოფიციალურად აღიარეს ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო, როგორც ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კვირას ამოიწურა ევროკავშირის ქვეყნების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რომლითაც ისინი ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას თხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუაიდოს აღიარებით ემუქრებოდნენ.
“დიდი ბრიტანეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები აღიარებენ გუაიდოს როგორც დროებით კონსტიტუციურ პრეზიდენტს სანამ სანდო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება“ – დაწერა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯერემი ჰანტმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვენესუელელებს აქვთ თავისუფლების და დემოკრატიის უფლება.
გერმანიის კანცლემა, ანგელა მერკელმა კი ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ იმედი, რომ გუაიდო სწრაფ და სამართლიან საარჩევნო პროცესს ჩაუდგება სათავეში.
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა კი განაცხადა, რომ ვენესუელა თვითონ უნდა იყოს მისი ბედის შემოქმედი.
“საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება დაეხმაროს მას ამ პროცესში და მისცეს ამისთვის აუცილებელი გარანტიები. “
რუსეთი კვლავ ვენესუელას არალეგიტიმურ პრეზიდენტს უჭერს მხარს და ამბობს, რომ ევროპული ქვეყნების პოზიცია ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევაა და ძალაუფლების უზურპაციის ლეგიტიმაციას ნიშნავს.
თავად ნიკოლას მადურო ამბობს, რომ არავისგან მიღებს ულტიმატუმს და აცხადებს: “მეც შემიძლია ევროკავშირს ულტიმატუმი წავუყენო, მაგალითად: შვიდ დღეს გაძლევთ რომ კატალონიის რესპუბლიკა აღიაროთ, თუ არადა ზომებს მივიღებთ. საერთაშორისო პოლიტიკა ულტიმატუებზე არ უნდა იყოს დამყარებული. იმპერიალიზმების და კოლონიების დრო აღარ არის. “
მადურო ვენესუელაში სამოქალაქო ომსაც არ გამორიცხავს. ესპანეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე – შეიძლება თუ არა ვენესუელაში კრიზისი სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, მადურომ უპასუხა: “ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოეთ იმპერიის (იგულისხმება აშშ) და მისი მოკავშირეების სიგიჟის და აგრესიულობის ხარისხსზე. “