,,ევროპული საქართველოს” წევრი, ოთარ კახიძე ევროპარლამენტართა 10 წინადადებას ასაჯაროებს, რომელსაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა და დეკლარაცია ჩავარდა.
ოთარ კახიძე განმარტავს, რომ წინადადებებს ჯერ კენჭი უყარა ევროპარლამენტმა და მხარი დაუჭირა, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, სადაც უმრავლესობაში ქართული ოცნებაა, ყველა შესწორება ჩააგდო.
,,ოპოზიცია ვერ ჩააგდებდა ვერაფერს, ჩვენ ვართ ორნი, ხოლო ოცნების დეპუტატები – ექვსნი, მათ ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს ტექსტი და მიიღეს ბოლოს შესაბამისი პასუხი ამ თავხედობასა და უტიფრობაზე”,- აცხადებს კახიძე.
ცვლილებების ჩამონათვალი ასეთია:
- დასანანია ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ეს პროექტი გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკას და უსაფრთხოებას;
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ახლდა დარღვევები, რაც დაფიქსირებულია ეუთოს დამკვირვებლების მხრიდან – ფართო მასშტაბიანი მოსყიდვა, დაშინება/ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და შემდეგ არჩევნებზე აღარ გაიმეოროთ;
- პარლამენტირ რეგლამენტი ეფექტურად აღასრულეთ, რომ მთავრობის წევრებმა კომიტეტებზე იარონ;
- პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირების უკან წაღება ცუდია, შეთანხმდით ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ წარმომადგენლობას;
- ოპოზოციასთან ნაყოფიერ დიალოგს შეუძლებელს ხდის ოპოზიციის ლიდერების დევნა, კერძოდ გიგი უგულავას ბოლო საქმე;
- პრობლემები იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და შემდეგი მოსამართლეების არჩევისას ეს გაითვალისწინეთ;
- დაუშვებელია ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებსა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე, უკანონობას ახალისებს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მოძალადეთა დაუსჯელობა;
- 20 ივნისის აქციის დაშლას მოყვა მშვიდობიანი მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც მიუღებელია და ამაზე რეაგირებაა საჭირო;
- შემაშფოთებელია მთავრობისადმი კრიტიკული მედიის მფლობელების და მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების წარმოება – გვარამია, რურუა (ტვ მთავარი), წერეთელი (ტვ პირველი), გუმბარიძე (ტვ ფორმულა);
- შემაშფოთებელია პოლიტიკური პატიმრების არსებობა, გააქტიურებული გამოძიებები და დაკავებები პოლიტიკური ოპონენტების – გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, მამუკა ხაზარაძე და სხვები. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ლიდერის განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლების გამოძიებებზე შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.
ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ შესწორებების გარეშე დარჩენილ დოკუმენტს გუშინ, 13 თებერვალს მხარი არ დაუჭირა.