{{ARTICLEIMAGE}}
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ყოფილი პრემიერის და შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის შესწავლას განაახლებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის შესწავლას არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში უნდა განაახლოს. კომიტეტის დასკვნაში წერია რომ საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, რადგან არ არსებობდა ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები; ასევე მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად), რადგან გაირკვა, რომ წინასწარი პატიმრობა მთავარი პროკურორის მიერ იყო გამოყენებული მერაბიშვილზე ზეწოლის განსახორციელებლად, რომ მას ინფორმაცია მიეწოდებინა იმ საკითხებზე, რომელიც კავშირში არ იყო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.
“მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა მთავრობის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლებულია; რომ ჩვენ ვცვლით კანონს იმისათვის, რომ სატელეფონო ანძებსა და კომპიუტერულ ჩანაწერებზ ე გამომძიებელს წვდომა ჰქონდეს. ეს იქნა ცალსახად მოწონებული და დადებით საკანონმდებლო ცვლილებად შეფასებული. ასევე დადებითად იქნა შეფასებული ის, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საგამოიძიებო ორგანო, პროკურატურა ხდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანო”,თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, 2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე ჩატარებული გამოძიების საფუძველზე განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.