ევროპულმა საქართველომ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომა დატოვა

პარლამენტის დარბაზში სხდომის დაწყებისთანავე განცხადება გააკეთა ევროპული საქართველოს ერთ–ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ: “იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ ცინიკურ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას. ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას, რიგ შემთხვევაში პირდაპირ ჩაყრას ბიულეტენების;

იმის გამო, რომ ამის შედეგად არავინ დასჯილი არ არის მაშინაც კი, როცა მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეოზეა აღბეჭდილი, იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ განსაკუთრებით მეორე ტურისას წინ წამოწია შავრაზმული პროპუტინური ძალები და აწარმოა სიძულვილის და დაშინების კამპანია;

იმის გამო რომ ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას და შელახა ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი;

იმის გამო, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი დღევანდელ თანამდებობაზე სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი და თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ;

იმის გამო, რომ მისი პირველივე ნაბიჯები ამ თანამდებობაზე იყო საზოგადოების უგულებელყოფის და შეურაცხყოფის, შავრაზმულ, პროპუტინურ ძალებთან კოლაბორაციის და ნეპოტიზმის გაგრძელება.

ამ ყველაფრის გამო ევროპული საქართველო იყენებს საკუთარ უფლებას პოლიტიკური ბოიკოტისა, არ დაესწრება ამ სხდომას და ტოვებს დარბაზს. “

ბოკერიას ამ განცხადების შემდეგ ევროპულმა საქართველომ სხდომათა დარბაზი დატოვა.