ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

{{ARTICLEIMAGE}}
ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტაგტუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა. სია სხდომაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა წარადგინა. შესწორება მაგნიტსკის სიის შესახებ რეზოლუციაში შევიდა. დავით ბაქრაძის ინფორმაციით, სიას მხარდაჭერა ევროპარლამენტსა და აშშ-ს კონგრესშიც გამოუცხადეს. დოკუმენტი სანქციებს უწესებს იმ დამნაშავეებსა და პერსონებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევებს ხელს აფარებენ. რეზოლუციის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავე პირები- ევროპაში თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ მოახერხებენ. საქართველოს მთავრობამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ასეთი 33 პირი შეიყვანა.

“ეს რეზოლუცია ეხმიანება წარსულს, რადგან ეხება სერგეი მაგნიტსკის საქმეს, და ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვა მსხვერპლებს; ეს არის ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევა და დამნაშავე ადამიანებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. ეს არის სერიოზული მორალური განაცხადი და ჩვენ ერთხმად უნდა მივიღოთ ის. ბატონი მაგნიტსკის საქმე გახდა ადამიანის უფლებათა დაცვის სიმბოლო. და ამ სულისკვეთებით, ჩვენ მოგვყავს საქართველოში მომხდარი მაგალითი. როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთი) ტერიტორია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთი, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელია ტერიტორიაზე განვითარებულ სამართლებრივ საკითხებზე, მაგრამ ის სრულიად უმოქმედოა. მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, მათი მძევლად ყოფნა, მათი ოჯახებისთვის გამოსასყიდლის მოთხოვნა ყოველდღიურ ბიზნესად იქცა. უდანაშულო ადამიანების მკვლელობა და წამება ყოველ კვირას ხდება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყოველგვარი გამოძიების, სამართლისა და საფასურის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეზოლუციას და გვჯერა, რომ ის ემსახურება ამ რეზოლუციის სულისკვეთებას, დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიცვას ადამიანის უფლებები და მოახდინოს ამგვარი დანაშაულის პრევენცია მომავალში. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია-ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი მსხვერპლის სახელს ატარებს. ეს არის სია მიზნობრივი სანქციებისთვის მათ წინააღმდეგ ვინც კლავს, აწამებს და იტაცებს ადამიანებს ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისგების გარეშე”,განაცხადა დავით ბაქრაძემ.