ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება სანქციებით- წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილს რუსი დელეგატების შემოშვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე შეიძლება მხოლოდ ერთადერთი პასუხი ჰქონოდა, რომელიც გასცა.  

საუბარია ზურაბიშვიის განცხადებაზე, რომ საქართველო შემოუშვებს რუსეთის დელეგატებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ.

წულუკიანის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება სანქციებს დადებას გამოიწვევს, რაც ოპოზიციის სურვილია.

,,რუსი დელეგატების შემოშვების შესახებ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტს შეიძლება ჰქონოდა ის ერთადერთი პასუხი, რომელიც გასცა. კერძოდ, ევროსაბჭოს სტატუტით და შეთანხმება იმუნიტეტის შესახებ, რომლის ხელმომწერები ვართ სწორედ იმ პერიოდიდან, როცა ბატონმა ჟვანიამ სწორედ იმ ტრიბუნიდან თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ყველას გვახსოვს – რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დაედოს სახელმწიფოს’, – თქვა წულუკიანმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროსაბჭო ზურაბიშვილის ვიზიტს წარმატებულად და დადებითად აფასებს, მაგრამ ოპოზიცია პრეზიდენტს აკნინებს და შეურაცხყოფას აყენებს.

,,რა თქმა უნდა, თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით კი უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ჩვენი წარმატება დააკნინოს ან პიროვნულად საქართველოს პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩვენ ობიექტურად შევაფასებთ ამას და ვიტყვით, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული,”- აცხადებს თეა წულუკიანი.