ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილი შეეცადა, რომ კითხვებისთვის ცოტა დრო დაეტოვებინა და გამოყოფილი 1 საათიდან, 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა, რის გამოც ის გააკრიტიკეს.
,,სტრასბურგში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი შეეცადა რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეტოვებინა კითხვებისთვის და ერთი საათიდან 50 წუთი ილაპარაკა (აქედან ოკუპაციაზე სულ ბოლოს და სულ ცოტა – თან ცხადია არ უთქვამს რას ვითხოვთ.) ამას ბრიტანელი კონსერვატორი დეპუტატის ჯორჯ ჰოუელის აღშფოთებული პროცედურული რეპლიკა მოყვა – სპიკერს 50 წუთი ელაპარაკოს ისტორიას არ ახსოვს.
მიუხედავად იმისა რომ დრო სულ რამდენიმე კითხვისთვის დარჩა, პრაქტიკულად, ყველა მათგანი ძალიან კრიტიკული იყო. ზურაბიშვილმა ვერც ერთზე – ფეისბუქის მიერ გვერდების წაშლაზე, პროპორციული სისტემის საკითხზე გადაგდებაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ დევნაზე და ივანიშვილის მუქარებზე – პასუხი ვერ გასცა.
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ დასვა კონკრეტული კითხვა – უჭერს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მხარს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ვალდებულებების არშესრულების გამო რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას დასავლეთის მიერ?
და დიახ, ამ გასაგებ და ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი დადებითი არ ყოფილა”,- წერს სოციალურ ქსელში კანდელაკი.