ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილის საქმეზე მხარეთა შორის მორიგება არ შედგა- EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, მათ 8 იანვარს ევროსასამართლომ აცნობა, რომ საქმეზე “მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა. შესაბამისად, სადავო პროცედურების განხილვა დაიწყო.

ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 2020 წლის 31 მარტამდე მისცა ვადა, რათა ევროსასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადთან დაკავშირებით, ასევე უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებსა და მოთხოვნებს.

,,მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე”,- წერს განცხადებაში ადამიანის უფლებათა ცენტრი.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).