ფეისბუქმა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ყალბი ანგარიში გააუქმა

ფეისბუქმა ქართული ყალბი გვერდები, ჯგუფები და პროფილები გააუქმა, რომელთა უმრავლესობა საქართველოს ხელისუფლებასთან იდენტიფიცირდება. ფეისბუქის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის, ნათანიელ გლეიჩერის სახელით გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩატარებული გამოძიების შედეგად საქართველოში შექმნილი 418 ქართული ანგარიში, აქედან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში გაუქმდა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში.

“ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ ტიპის საქმიანობის აღსაკვეთად, რადგან არ გვინდა ჩვენი მომსახურება ადამიანებით მანიპულირებისთვის იქნას გამოყენებული. ჩვენ ვშლით ასეთ გვერდებს, ჯგუფებს და პროფილებს მათი ქცევის და მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების შინაარსის მიხედვით. ყოველ ასეთ შემთხვევაში ასეთ აქტივობაში ჩართული ხალხი ერთმანეთთან კოორდინაციაში იყო და იყენებდა ყალბ ანგარიშებს და არასწორად წარმოაჩენდა საკუთარ თავს, რაც ჩვენი ქმედების საფუძველი გახადა.

ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ პლატფორმის ბოროტად გამოყენების აღმოსაფხვრელად და როგორც უკვე განვაცხადეთ, ეს მუდმივი პრობლემაა. ვცდილობთ მუდმივად სრულვყოთ ჩვენი საქმიანობა და წინ წავიდეთ. ეს ნიშნავს უკეთესი ტექნოლოგიების შექმნას, უფრო მეტი ადამიანის დაქირავებას და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხოების ექსპერტებთან და სხვა კომპანიებთან.

დღეს ჩვენ გავაუქმეთ ფეისბუქის 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში, რომლებიც შექმნილი იყო საქართველოში. ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები იყენებდნენ ყალბ პროფილებს. ეს გვერდები თავს ასაღებდნენ ახალი ამბების ორგანიზაციებად ან პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო ფიგურებად, აქტივისტურ ჯგუფებად ან მედია საშუალებად. გვერდის ადმინები და ანგარიშის მფლობელები როგორც წესი პოსტავდნენ ქვეყნის შიდა ახალ ამბებზე და პოლიტიკურ პრობლემებზე, არჩევნებზე, მთავრობის პოლიტიკაზე, სახელმწიფო ჩინოვნიკებზე, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ადგილობრივი აქტივისტების ჯგფებს. მართალია ამ საქმიანობის უკან მდაგრი ადამიანები ცდილობდნენ თავისი პიროვნების და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ ეს საქმიანობა დაუკავშირა საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდას და ხელისუფლებას, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობს.“–ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუქის ინფორმაციით დაახლოებით 442 300 პროფილმა გამოიწერა მათ მიერ გამოვლენილი ერთი ან რამდენიმე გვერდი, დაახლოებით 52000 პროფილი შეუერთდა მინიმუმ ერთ გამოვლენილ ჯგუფს. და დაახლოებით 21 000 ადამიანმა მოაწერა ხელი ინსტაგრამის გამოვლენილ ანგარიშს.

მათ მიერ ფეისბუქზე და ინსტაგრამზე დაიხარჯა 316 000 აშშ დოლარი რეკლამისთვის. ამ თანხაში შედის ყველა სარეკლამო მომსახურება როგორც ყალბი, ასევე ნამდვილი პროფილებიდან, რომლებიც გაუქმებულია, როგორც ამ ქსელის ნაწილი, რადგან ისინი ჩართული იყვნენ კოორდინირებულ და არაავთენტურ ქმედებაში.

“ჩვენ გამოვავლინეთ ეს ანგარიშები ჩვენი გამოძიების ფარგლებში, რომელიც რეგიონში საეჭვოდ კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების გამოსავლენად ჩატარდა.“– წერია ფეისბუქზე და აქვე მოყვანილია რამდენიმე გაუქმებული გვერდის ფოტო: