ფორმულა 1-ის რიგით მეორე გრან პრი ბაჰრეინში გუშინ საღამოს გაიმართა. რბოლა ძალიან დრამატული და სანახაობრივი აღმოჩნდა.
როგორც მოგეხსენებათ, ფერარის გუნდს ამ სეზონში ახალი მრბოლელი შარლ ლეკლერი შეუერთდა და მან ძალიან გამოცდილი კიმი რაიკონენი ჩაანაცვლა. ფერარის 21 წლის მრბოლელისთვის 2019 წლის რიგით მეორე გრან პრი წარმატებით დაიწყო. მან კვალიფიკაციაზე პირველი ადგილი დაიკავა და რბოლაც პირველი პოზიციიდან დაიწყო. ეს მისთვის პირველი პოული (რბოლის პირველი ადგილიდან დაწყება) გახლდათ. მან დასაწყისიდანვე მოიპოვა უპირატესობა და 47 წრის განმავლობაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა. თუმცა სამწუხაროდ რბოლის დასრულებამდე 14 წრით ადრე მას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მისი ბოლიდი მნიშვნელოვნად შენელდა. ამით ისარგებლეს მერსედესის ორივე პილოტმა ლუის ჰამილტონმა და ვალტერი ბოტასმა და ახალგაზრდა შარლს ორივემ გადაასწრო. საბოლოო ჯამში ფერარის მრბოლელი მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა რომ არა უსაფრთხოების მანქანა იგი პოდიუმს მიღმა დარჩებოდა.
ეს ფერარისთვის ერთადერთი უიღბლობა არ ყოფილა გუშინდელ რბოლაში. რბოლის პირველ ნახევარში პირველ მეორე ადგილს სწორედ მათი მრბოლელები იკავებდნენ და რომ არა ტექნიკური პრობლემები დიდი ალბათობით ასეც დასრულდებოდა ყველაფერი. მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში გერმანელ სებასტიან ფეტელს, რომელიც იმ მომენტში მეორე ადგილზე იმყოფებოდა წინ ერთი წრით ჩამორჩენილი მრბოლელები ჰყავდა ჩამოსატოვებელი და მისდა საუბედუროდ გადასწრებისას ერთ მათგანს წინა ფრთა გამოსდო და შეხების შედეგად იგი საერთოდ მოტყდა ბოლიდს. თუმცა არც ამით მორჩა მათი პრობლემები შენელებულ გერმანელ მრბოლელს უკნიდან ჰამილტონი წამოეწია და თავის დაცვისას ბოლიდი საერთოდ მოუსრიალდა და ერთდროულად 5 პოზიცია დაკარგა.
საბოლოოდ, რბოლაში გამარჯვება მერსედესის ბრიტანელ ავტომრბოლელს ლუის ჰამილტონს დარჩა. მეორე ადგილზე მისი გუნდელი ვალტერი ბოტასი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შარლ ლეკლერმა დაიკავა. 4-10 პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: მაქს ფერსტაპენი, სებასტიან ფეტელი, ლანდო ნორისი, კიმი რაიკონენი, პიერ გასლი, ალექსანდრ ალბონი, სერხიო პერესი.
საერთო ჩათვლაში ვალტერი ბოტასი ლიდერობს 44 ქულით, მეორე ადგილზე ლუის ჰამილტონია 43 ქულით. მესამე ადგილს კი რედ ბულის მრბოლელი მაქს ფერსტაპენი იკავებს 27 ქულით. მეოთხე მეხუთე ადგილზე არიან ფერარის მრბოლელები: შარლ ლეკლერი 26 ქულით და სებასტიან ფეტელი 22 ქულით.