ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ცვლილებას თურქეთის ფაქტორს უკავშირებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ცვლილებას თურქეთში ლირის გაუფასურებას უკავშირებს.

„ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია. ზუსტად ამიტომ ერთ წელზე მეტია, ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობა უცხოურ ვალუტაზე. პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ შეზღუდვები დავაწესეთ იპოთეკურ სესხებზე დოლარში. ეს ემსახურება, რომ ამ ტიპის რყევები, რომელიც ყველგან ხდება, მით უმეტეს, პატარა და განვითარებად ქვეყნებში, ამის მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა – ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს.

ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად განაგრძობს გაუფასურებას.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა. გუშინ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.