ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს ს სიცრუეში ადანაშაულებს. მაჭავარიანმა ხაზარაძის იმ განცხადებას, უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე კომპანიების რეკეტი მაჭავარიანის კაბინეტში ხდებოდა.
“მე არ მესმის რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთადერთი – ერთის მხრივ პრობიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესის,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი აცხადებს ვალების განულების პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.
“შეგიძლიათ გამოიძიოთ და ნახოთ, ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის მერე რამე მოყვა, არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება. ვინც დარჩა და ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა ყველამ, რადგან იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომლების ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იმავე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა, ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა რაიმე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა, – აცხადებს მაჭავარიანი.