ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გადასახადები იმდენად დაბალია, მეტად დაწევა შეუძლებელია.
“ხშირად არის სპეკულაცია – დავწიოთ გადასახადი და ჩვენ ეკონომიკური ზრდა გვექნება. ჩვენ პრაქტიკულად ისეთ დაბალ დონეზე ვართ გადასახადების, რომ იმის იქით დაწევა უბრალოდ შეუძლებელია,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განცხადებით, დღეს გადასახადების დამატებითი შემცირება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ზრდას არ მოიტანს, ხოლო ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში კი, სახელმწიფოს შემცირებული შემოსავლების სახით წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური პრობლემები დაუდგება.
“გადასახადების შემდგომი შემცირება პოლიტიკური და სოციალური რისკების მატარებელია. რეალურად დღეს გადასახადების პრობლემა საქართველოში არ დგას. თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების ეფექტიანობის ზრდა, მისი გადახდის და შევსების გამარტივება. თავად საგადასახადო განაკვეთების შემცირებისკენ ნაბიჯების გადადგმის გზა, მე ვთვლი, რომ პრაქტიკულად უკვე ამოწურულია. ჩვენ თუ დღეს არ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ეს გადასახადების ბრალი ნამდვილად არ არის. ზღვრული შედეგი ამ გადასახადების დაწევის უკვე მიღწეულია, მისი შემდგომი შემცირებით აღარ უნდა ველოდეთ დიდ ზრდას. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი დღეს უფრო მეტად არის დაბალკვალიფიციური მუშახელი, განათლების ნაკლებობა, ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები”, ამბობს მაჭავარიანი.