ფონდი „ქართუ” მზადაა კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფოს თანხა გამოუყოს

„ქართუ” ფონდი კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე განცახდებას ავრცელებს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დგას გამოწვევის წინაშე, კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე ააცილოს საკუთარ მოსახლეობას.

საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება, მთელი სახელმწიფო აპარატი, პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში და ძალიან ეფექტიანად ართმევს თავს საზოგადოებისთვის საფრთხის არიდების პროცესს.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროცესების კვალიფიციურ და ეფექტურ მართვას ხაზგასმით აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრს, ინფექციურ საავადმყოფოს, ყველა პროფილურ კლინიკას, ამ საქმეში ჩართულ თითოეულ ექიმს, თითოეულ სპეციალისტს და თითოეულ ადამიანს.

„ქართუ” ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით“- წერია განცხადებაში.