საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” ვალების განულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღიშნული, რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
„2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც.
შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ბაზებში.
„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს და ადასტურებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად, იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფონდი ქართუ“ გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას.
აქვე დავძენთ, რომ „ფონდი ქართუს“ მიერ სრულად იქნა შეძენილი 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ფინანსური ინსტიტუტების მიერ შერჩეული და გადმოცემული სესხები, შესაბამისად, თუ რომელიმე პირის ვალდებულებები ვერ მოხვდა სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთოს რაიმე კომენტარი ან აიღოს პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება საიტს – vali.ge, როგორც თავიდანვე იყო გაცხადებული (მათ შორის მითითებული იყო საიტზეც), ის იფუნქციონირებდა მხოლოდ პროგრამის ფარგლებში და შესაბამისად, დაიხურა 2019 წლის ბოლოს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა პირი ითხოვს ჩვენ მიერ შეძენილი სესხების დაფარვას, მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავიანთი აქტიური ვალდებულებების სტატუსი გადაამოწმონ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.