ფორსაჟის გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ახალ გზებზე იზღუდება

“ფორსაჟი 9” ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებული იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. N88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული N192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება. N99 ავტობუსი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მე-4 მიკრორაიონში და კაპანელის ქუჩაზე, N1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება.

გადაღებების პერიოდში მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ „დელისთან“ დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით გავლით იმოძრავებს. უცვლელი დარჩება N63 და N107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები.

21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა ასევე შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

გადაღებების პერიოდში კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს.

რამდენიმე საათით შეიცვლება N31, N44, N80 და N102 ავტობუსების მარშრუტებიც. ისინი ევროპის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.