შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელოში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი ქურდული სამყაროს წევრების დაკავება იყო.
შსს–ს ინფორმაციით სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა.
დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად “ბონჩო”), სტავრო ბაირამიდთან – (ზედმეტსახელად “როკო”), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.