ფრაზები, რომლითაც ბესელია დეპუტატების წინაშე მმართველი გუნდის წევრის რანგში ბოლოჯერ გამოვიდა

ათწუთიანი გამოსვლა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შეფასებით დაიწყო. მმართველ გუნდთან დაპირისპირებულმა პოლიტიკოსმა მისივე თანამოაზრეებს, რომლებიც კობახიძემ მისივე გამოსვლაში გააკრიტიკა, მადლობა გადაუხადა და პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად, “ნაციონალებთან” “კონსესუსში მყოფ” ამავე დეპუტატებს ბოდიში მოუხადა. ბესელიამ კოლეგებს მიმართა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რატომ მოიტყუეს, როდესაც თქვეს, რომ თითქოს წინასწარ არაფერი იცოდნენ ეკა ბესელიას კანონპროექტის შესახებ, ვიდრე ის ამის შესახებ საჯაროდ განაცხადებდა. ბესელიას კრიტიკის ობიექტი განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე იყო. გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას ბესელიას გამოსვლიდან: 

მისი (კობახიძის) გამოსვლა იყო შეურაცხყოფა.

რატომ შეიცვალეთ პოზიცია, გაბრაზდნენ ბიჭები?!

რას კადრულობს? (კობახიძეზე)

კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახსოვდა მაშინ, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას? (კობახიძეზე) 

თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას

ამ ადამიანებთან (ნაციონალურ მოძრაობასთან) გინდათ პარალელების გავლა, რომელთაც ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში ჩააგდეს, ჩემი ძმა ერთი წლით მძევლად ჰყავდათ

სხვებისგან განსხვავებით არ ვკურკურებ და კულისებში არ ვეთამაშები.

შიგნით ვილაპარაკე დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ვერ გაგაგებინეთ.

მიმართვა თამარ ხულორდავას – ნუ იყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, როცა გიჭირთ ნაბიჯის გადადგმა, იმ ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, ვინც გადააბიჯა ცდუნებებს.

ირაკლი კობახიძეს ცოტა ხნით დავინდობ, მაგრამ ის არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე. 

(კობახიძემ) ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა.

(კობახიძე) შეშინებული იყო – ვერ აღიმაღლა ხმა და ვერ თქვა, რომ არ შეიძლება სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა.

იმ რეჟიმის წინააღმდეგ როცა ვიბრძოდით, ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი გოგლი-მოგლს ჭამდა, თუმცა გოგლი – მოგლი ცუდი არ არის, უდროო დროს არ უნდა მიირთვა

ეს არის 2106 წლის შედეგები – საკუთარი თავი დაინახოს ყველამ – არასოდეს მექნება საერთო და არ ვიქნები ალიანსში მათთან, ვინც ოცნებას დაირქმევს ახლა, თუ სუპერ ოცნებას. 

კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა, როცა მოსამართლეებთან დაკავშირებული “შპარგალკები” მუხლებში მოდიოდა. 

პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რაც მან აქ იკადრა, ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც დღეს ამ თანამდებობაზე გამწესდა – თუ არ იცის ეს რას ნიშნავს, ვაჩვენებთ როგორ ხდება

მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ არ დამიწყია, გავაგრძელებ იმ ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამის. სამართლიანობის წინააღმდეგ ვერასდროს ვერავინ წასულა.